22.7.09

საპარლამენტო დებატები - 20.07.2009

საპარლამენტო დებატები, რომელიც ხუთ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა, 1:45 საათზე დასრულდა.

გიორგი თარგამაძე:
”...ის, რომ ხელისუფლება არის არათანმიმდევრული, ეს არის ნათელი მაგალითი, როცა 260-ე მუხლში გამსაღებელი და მომხმარებელი ისევ ერთნაირადაა შეყვანილი, ყოველგვარი გამიჯვნის გარეშე და ერთნაირად ისჯება. პარლამენტმა მიიღო ანტინარკოტიკული კონცეფცია, მაგრამ არცერთი კანონი ამ მიმართულებით არ გადახედილა. და დღეს, დაახლოებით, 5-6 ათასი ადამიანი სწორედ ნარკოტიკების მოხმარების გამო იხდის სასჯელს. ჩვენ პარლამენტის დონეზე, სახელმწიფო პოლიტიკის დონეზე უკვე განვაცხადეთ, რომ ავადმყოფია მომხმარებელი, მაგრამ მიუხედავად ამისა მას ისევე ვსჯით, როგორც ბარიგას...”

მიხეილ სააკაშვილი:
”...მე მინდა ვთქვა იმაზე, რომ როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ იგივე თემებზე... მაგალითად, ნარკომანიასთან დაკავშირებით, პირველად ბოლო წლების განმავლობაში, პირველად წელს შემიძლია ვთქვა: საქართველოში არის ტენდენცია ნარკომანიის შემცირების. მე ვერ წარმოვიდგენდი, თუ ამას ვიტყოდი ცოტა ხნის წინ იმიტომ, რომ მე მიმაჩნდა, რომ ეს იყო ყველაზე რთული პრობლემა და პრაქტიკულად გადაუწყვეტელი პრობლემა და მართლა არ ვიცოდი, საიდან უნდა გვენახა ამისთვის გამოსავალი. მაგრამ ახლა, როდესაც მოგვიწოდებს ბატონი გიორგი, რომ... მაგრამ, ბატონო გიორგი, თქვენ, კანონპროექტი, რომელიც ახსენეთ და რომელიც შემოვიდა 30 ათასი ამომრჩევლის ხელმოწერით, ითვალისწინებს დიდი რაოდენობით ნარკოტიკების გასაღებისთვის ერთწლიან პატიმრობას - ზიანის შემცირების ცენტრის მიერ შემოტანილი. ახლა მითხარით... ეს არის სწორედ ის ვარიანტი, როდესაც სხედან და ზიანი მოაქვთ. იმიტომ, რომ ახლა, ყველაფერი-ყველაფერი, მაგრამ არა მარტო არ უნდა შევამციროთ, არამედ უნდა კიდევ უფრო გავამკაცროთ პასუხისმგებლობა ნარკოტიკების გასაღებისთვის. ეს არის ჩემი ძალიან მტკიცე პოზიცია და ამაზე შეგვიძლია ვიკამათოთ, მაგრამ რა თქმა უნდა ეს არის ის საკითხი, რომლზეც ჩვენ შეგვიძლია, ძალიან ბევრი ვიკამათოთ, მაგრამ ეს არის კონცეპტუალური საკითხი. მე არ მიმაჩნია, რომ ენის მოჩლექვით ნარკოტიკების გამსაღებლისადმი... იმის გათვალისწინებით, რომ რა თქმა უნდა, ნარკოტიკების მომხმარებელი არის მათი მსხვერპლი, მაგრამ კიდევ უფრო მეტი მსხვერპლია ნარკოტიკების მომხმარებლის ოჯახი, კიდევ უფრო მეტი მსხვერპლია სამეზობლო, კიდევ უფრო მეტი მსხვერპლია ის კონკრეტული მსხვერპლი, რომელიც ნარკოტიკების საფუძველზე ჩადენილი დანაშაულის გამო ხდება. ამიტომ, როდესაც ვლაპარაკობთ, რომ ერთი უნდა დავიცვათ ან ერთს უნდა ენა მოვუჩლიქოთ ან ერთი უნდა შევიწყალოთ, ყოველთვის უნდა გვახსოვდეს მეორე მხარე ამ საკითხის და მეორე საკითხი არის უამრავად, ბევრად მეტი ჩვენი მოქალაქე. მე ვფიქრობ, ყველაფერს უნდა მივუდგეთ ჩვენ, ყველა კუთხე უნდა იყოს ძალიან კარგად გათვალისწინებული და ყველა კუთხე უნდა იყოს ძალიან კარგად გაანალიზებული...”
______________________________