ბოლო დროს ნარკომანებში ფსიქიკურმა აშლილობამ იმატა. მიზეზი კუსტარული წესით დამზადებული ნარკოტიკებია. ე.წ. "ვინტის" და "ჯეფის" მომხმარებლები მძიმე და უკურნებელი დაავადებების საფრთხის წინაშე დგანან. ყველაზე ხშირი კი პარკინსონის და ალცჰეიმერის შემთხვევებია. ნახეთ "ალქიმიკოსი" ნარკომანების რეალური საფრთხე თამარ გედევანიშვილის სიუჟეტში.
ტელეკომპანია "იმედი", 17.12.2009
"ვინტს" იკეთებდა... დროთა განმავლობაში შეშლილობა დაეწყო, ფსიქიური აშლილობა. ძაან ცუდ მდგომარეობაში არის. ღამ-ღამობით წამოხტებოდა ხოლმე, რაღაცეები ელანდებოდა, სახლიდან გარბოდა ხოლმე..."
31 წლის მამაკაცი მწვავე ფსიქიკური აშლილობით ახლობლებმა კლინიკაში დააწვინეს - ჰალუცინაციები, მეტყველების მოშლა, ცახცახი და არაადეკვატური ქცევა. ნათესავები ამბობენ, რომ ახალგაზრდა კუსტარულად დამზადებულ ნარკოტიკს, "ვინტს"მოიხმარდა. ექიმების პროგნოზი არადამაიმედებელია.
ნარკოლოგიის ცენტრის დირექტორის მოადგილე განმარტავს, რომ ნარკომანები ფსიქოტროპულ მედიკამენტებს სხვადასხვა ნივთიერებებთან ერთად, მათ შორის ე.წ. "მარგანცოვკასთან" აზავებენ და ისეთ ნარკოტიკს იღებენ, რომელიც ხანმოკლე ტკბობას და მტანჯველ სიკვდილს იწვევს:
"ფსიქოზები, რომელიც ახასიათებს აი, ამ ნივთიერებების მოხმარებას, საკმაოდ გახშირდა ბოლო პერიოდში, შედარებით წინა წლებთან. ყველაზე რთული არის მაინც იმ ნევროლოგიური დარღვევების მკურნალობა, რომელიც რჩება აი, ამ ნივთიერებების ქრონიკულ მომხმარებლებში. მისი ხანგრძლივი მკურნალობის ფონზეც კი ბოლომდე აღდგენა ამ ადამიანის პირვანდელი ჯანსაღი მდგომარეობისა ნამდვილად არ მოხდება" - ხათუნა თოდაძე
ეს თბილისის ფსიქიატრეიული კლინიკაა. "ვინტის" და "ჯეფის" ხშირი მომხმარებლები აქ ბოლო დროს ხშირად ხვდებიან. ბოლომდე განკურნების შანსები პრაქტიკულად არ არსებობს. ფსიქიკურმა აშლილობებმა ნარკომანებში განსაკუთრებით იმატა. შემაშფოთებელია ნარკომომხმარებლებში ნერვიული დარღვევების სტატისტიკა. ამის მიზეზი კი კუსტარული წესით დამზადებული ნარკოტიკების გამოყენებაა, რაც ხშირ შემთხვევაში პარკინსონს და ალცჰეიმერის დაავადებას იწვევს.
"იაფფასიანი ნარკოტიკები კი იწვევს ტვინის გახმობას, გაშრობას - აბსოლუტურად დეგრადაციას, პიროვნების დეგრადაციას იწვევს. ამიტომაც არის, რომ 30% კი არა, ალბათ უფრო მეტიც - ნარკომანებს შორის წავიდა ფსიქიკური აშლილობები".
ნარკოლოგიის ს/კ ინსტიტუტის დირექტორი ამბობს, რომ კუსტარულ საშუალებებზე მომხმარებლები მაშინ გადადიან, როდესაც შავ ბაზარზე ძვირადღირებული ნარკოტიკები ძვირდება. შექმნილი ვითარებიდან გამოსავალს გელა ლეჟავა ფარმაცევტულ ბაზარზე კონტროლის გამკაცრებაში ხედავს:
"დადგა მომენტი, როდესაც ფარმაცევტულმა ფირმებმა უნდა შეასრულონ ის კანონები, რომლებიც ქვეყანაში არის. ამ შემთხვევაში ლაპარაკია იმაზე, ურეცეპტოდ არ უნდა გაიყიდოს პრეპარატი" – გელა ლეჟავა
არაოფიციალური სტატისტიკით, ბოლო დროს ნარკომანებში ფსიქიკურნმა აშლილობებმა 30%-ით იმატა. ექიმები ამბობენ, რომ "ვინტი" და "ჯეფი" ტვინს იმდენად აზიანებს, რომ მათ გამოჯანმრთელებას შეუძლებელს ხდის.