13.12.09

თვითმკვლელობა იაფად - "ვინტის" და "ჯეფის" მოხმარება

სატელევიზიო სიუჟეტი, "საზოგადოებრივი მაუწყებელი", 11.12.2009

თვითმკვლელობა იაფად - ნარკოტიკული საშუალებების "ვინტისა" და "ჯეფის" მოხმარების საგანგაშო სტატისტიკა.

კუსტარულად დამზადებული ნარკოტიკები, რომლებიც სხვა ნარკოტიკებთან შედარებით ადვილად ხელმისაწვდომია, განსაკუთრებით მძიმე შედეგებს იწვევს. მათზე დამოკიდებული პაციენტების განკურნება ხშირ შემთხვევაში მედიკოსებისათვის შეუძლებელი ხდება.

სპეციალისტები ამბობენ, რომ ე.წ. "ვინტის" და "ჯეფის" მოხმარება თანდათან უფრო მასშტაბური ხდება და ამ ნარკოტიკებმა თითქმის ყველა ფენა მოიცვა. მარიამ ცარელაშვილი არკვევდა, რას იწვევს ეფედრფინის შემცველი საშიში ნარკოტიკების მოხმარება და რა ხდება ქართულ ნარკობაზარზე.

27 წლის პაციენტი, რომელიც ნარკოლოგიურში უკვე მეორე კვირაა მკურნალობს, ე.წ. "ვინსტს" სამი თვის განმავლობაში სისტემატურად მოიხმარდა. ამბბობს, რომ მის გარშემო თითქმის ყველა "ვინტის" ლმომხმარებელია. კუსტარულად ადამზადებულ ნარკოტიკზე უარი თავად თქვა. როგორც ამბობს, სამუდამოდ დაინვალიდების შიშით.

"სტიმულაციას მაძლევს, ენერგიაზე მოვყავარ, მაგრამ შედეგად ლამის დამადებილა და დამაინვალიდა ცხოვრებისეულად, რა... გამიჭირდა, ნუ... უკვე მეტყველების უნარსაც ვკარგავდი - ვატყობდი, თვითონ აზროვნების უნარსაც ვკარგავდი და უკვე ვატყობდი, რომ მივდიოდი... ვდებილდებოდი, რა..."

"ვინტს" და "ჯეფს" ნარკომომხმარებლები ეფედრინის შემცველი პრეპარატებით და ტოქსიკური მინარევებით კუსტარულად ამზადებენ. ამ ორ ნარკოტიკს შორის განსხვავება მხოლოდ ქიმიურ მინარევებშია. ეფედრონი, როგორც ყველა სტიმულატორი, ძლიერი, მაგრამ ხანმოკლე მოქმედებით გამოირჩევა, ამიტომ მომხმარებელი იძულებულია, დღეში რამდენიმე ინექცია გაიკეთოს. "ვინტი" პირდაპირ მოქმედებს თავის ტვინზე და უმძიმეს ნევროლოგიურ შედეგებს იწვევს.

"იწვევს მეტყველების დარღვევას და სიარულისა და წონასწორობის დარღვევას. ადამიანი კარგავს წონასწორობას, იოლად გამოდის წონასწორობის მდგომარეობიდან და ინერციულად იწყებს მოძრაობას" - ნიკა პაპუაშვილი

"ხდება, ფაქტობრივად, ქვედა კიდურების იმ დონემდე დაზიანება, რომ პიროვნება მიჯაჭვულია ინვალიდის სავარძელს. ანუ, უმძიმესი კლინიკური სურათი ვითარდება, რომელმაც შეიძლება ძალიან სწრაფად გამოიწვიოს ინვალიდიზაცია პიროვნების და მისი უკვე უკუგანვითარება ფაქტობრივად შეუძლებელი ხდება" - დავით ვადაჭკორია

ნარკოლოგები ამბობენ, რომ საქართველოში 70 ათასი ინტრავენური მომხმარებლიდან 40% სწორედ ეფედრინის ჯგუფის ნარკომანია. მისი მასშტაბურობა თანდათან უფრო იზრდება, განსაკუთრებით ახალგაზრდებს შორის. "ვინტის" და "ჯეფის" მომხმარებელთა კატასტროფულ მატებას ნარკოლოგები სხვადასხვა მიზეზებით ხსნიან.

"საკმაოდ ხელმისაწვდომია - ერთი, საკმაოდ იაფი ჯდება - მეორე და უფრო ძნელია ლაბორატორიულად დადგენა ამ ნარკოტიკული საშუალების მოხმარების" - დავით ვადაჭკორია

ეფედრინის შემცველი გაციებნის საწინააღმდეგო პრეპარატები აფთიაქებში ურეცეპტოდ იყიდება. მომხმარებლებისთვის პრობლემას არც ნარკოტიკისათვის საჭირო მძიმე მეტალებისა და სხვადასხვა მინარევების ყიდვა წარმოადგენს.

"ძალიან ცუდია, ვინც ამას ყიდის, უბრალოდ... და ზუსტად იცის - ახლა, თექვსმეტი წლის ბავშვი რომ არ იყიდის გაციებისთვის და იმისთვის... და ზუსტად იცის, რატომ ყიდულობს , უბრალოდ, იმ ადამიანების სინდისზე იყოს, ვინც ამას ყიდის" - ზურა სიხარულიძე

როგორც სპეციალისტები ამბობენ, მდგომარეობა საგანგაშოა და პრობლემის გადასაჭრელად გზების ძებნაა საჭირო. კუსტარულად დამზადებული ნარკოტიკების მომხმარებელთა რიცხვი დღითიდღე იზრდება. უამრავი პაციენტი, იმის გამო, რომ მათი ძირითადი ფენა სოციალურად გაჭირვებულია, საავადმყოფოებში მისვლასაც ვერ ახერხებს. ყველაზე აქტიური ასაკი დაინვალიდების საფრთხის წინაშე დგას.